ჟურნალი ნომერი 7 ∘ მარიამ ნადარეიშვილი ისტორიული თხზულებების როლი ქართული საერო ლიტერატურის ჩამოყალიბებაშიისტორიული თხზულებები აღწერენ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, მეფის ცხოვრება-მოღვაწეობას, ერთ კონკრეტულ ეპოქას. საყურადღებოა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების გზა, განსაკუთრებით XI -XII საუკუნეებში დაწინაურდა ქართული ისტორიოგრაფია. XI საუკუნეში იწერება ისეთი ისტორიული თხზულებები, როგორებიცაა: ,,მატიანე ქართლისაი’’, სუმბატ დავითის ძის ,,ბაგრატიონთა გვარის ისტორია’’, ჯუანშერის ,,ვახტანგ გორგასლის ისტორია’’. განსაკუთრებით საყურადღებოა XII-XIII საუკუნეებში დაწერილი დავით აღმაშენებლის ისტორია [,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი’’], თამარის ორი ისტორია [,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი’’, ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი’’] , ლაშა-გიორგის ისტორია და სხვანი, რომლებიც „ქართლის ცხოვრების“ შემადგენელი ნაწილებია.
საინტერესოა, თუ რითი ხასიათდება ნახსენები ისტორიული ძეგლები. უპირველესად ვისაუბროთ დავით აღმაშენებლის ისტორიაზე. მასში აღწერილია როგორც მეფეების მოღვაწეობა, ისე საქართველოს ისტორიის კონკრეტული პერიოდი. მეფეებში მოიაზრებიან გიორგი II და დავით IV. თავდაპირველად საუბარია გიორგი II-ის მოღვაწეობის დასასრულზე და დავით IV-ის გამეფებაზე. ყურადღება გამახვილებულია ,,დიდ თურქობაზე’’ და ასევე იმაზე, თუ როგორ აოხრდა ქვეყანა თურქების შემოსევის შედეგად : ,,რამეთუ მეფე იქმნა რა დავით, მოოხრებულ იყო ქართლი და თვინიერ ციხეთა სადა-მე არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არ-ცა-რა შენებულა’’[ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი,ქართლის ცხოვრება,1955,გვ.324]. დავითის გამეფებასთან ერთად აღწერილია დავითის მონაწილეობა ომებში. მეფის შემართებითა და სიძლიერით აღსავსე ბრძოლა მტრის წინააღმდეგ დასტურდება შემდეგი სიტყვებით: „ქუეყანად რა დაითხია ესეოდენი სამტკნარისა სისხლისა შეყინებულისა, რომელსა პირველ განხილვისათგთმისგან ვგონებდით გამოსრულად“[ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, გვ. 329]. ამით ნათლად ჩანს სახე მამაცი ვაჟკაცისა, რომელიც მუსრს ავლებს მტერს და არაფრის ეშინია. ამ შემთხვევაში უთუოდ შევნიშნავთ რაინდის ჩამოყალიბების საწყის ნიშნებს, მაგრამ იგი მთლიანად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული ჯერ არ არის.
ასევე აღწერილია ნადირობის ჟამი და თვით მეფის პიროვნება. ამ უკანასკნელს ავტორი შემდეგნაირად აღწერს : ,,აჰა სახე არაუმსგავსო, არამედ ფრიადცა თანაშეტყუებული ჩუენისათკთმპყრობელისა და ყოვლად გამომსახველი სიტყუთ საქმეთა, თუალითა ჩუენითა ხილულთა: რამეთუ სიტკბოებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი კიდით ქუეყანისათა შემოკრბებოდეს წინაშე მისსა,’’ [ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, გვ. 331-332].
ამრიგად, ზემოთ აღწერილ ძეგლში ვხვდებით საერო ლიტერატურისთვის დამახასიათებელ ორ ნიშანს: მეფის სახეს, სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობის აღწერას და შეინიშნება რაინდის სახის ჩამოყალიბების ნიშნები.
ახლა კი გადავიდეთ საერო ლიტერატურაზე. ქართული საერო ლიტერატურა ჩამოყალიბდა XII საუკუნის მეორე ნახევარში. ცხადია, მის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საერო ლიტერატურის განვითარებას. ჩამოვთვალოთ ეს საფუძვლები/პირობები:
1. უპირველესია საქართველოს გაერთიანება, ვინაიდან ქვეყანამ არაერთი ბრძოლა თუ ომი მოიგო, რეალობაში გაჩნდა რაინდის სახე, რომელმაც ასახვა ჰპოვა ლიტერატურაშიც.
2. მეორე და საყურადღებოა, კულტურისა და ხელოვნების განვითარება. ამ პერიოდში ხელოვნების ყველა დარგი ვითარდება, გამონაკლისი არც ლიტერატურა ყოფილა.
3. გასათვალისწინებელია სასულიერო მწერლობის როლი, რომელმაც მასში არსებული ყოფითი ელემეტებით [რომლებსაც იქ პირველადი ღირებულებები არ გააჩნდათ] საფუძველი დაუდო სამიჯნურო ხასიათის თხზულებებს.
4. შემდეგი კი ისტორიული თხზულებების არსებობაა. ისტორიული თხზულებები, როგორც დავინახეთ, მოგვითხრობენ კონკრეტული მეფის, ეპოქის ან ისტორიული მოვლენის შესახებ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველივე ეს დახასიათებულია მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით, ამიტომ საისტორიო თხზულებებს ლიტერატურული ღირებულებაც აქვთ. ასევე, რაინდის სახის ჩამოყალიბება თავისი ნიშნებით. იმდროინდელ საქართველოში სიმამაცით გამორჩეული ვაჟკაცის სახე უპირველესად ისტორიულ თხზულებაში აღიწერებოდა. [ქართული ლიტერატურის ისტორია, 1966.]
საერო ლიტერატურასაც, ცხადია, სპეციფიკური ნიშნები გააჩნია. უპირველესია რაინდის სახის ჩვენება, მეფის იდეალის ჩვენება, მიჯნურობა, ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ჩვენება. იმისათვის, რომ ისტორიულ თხზულებებსა და საერო ლიტერატურას შორის საერთო მახასიათებლები ვიპოვოთ, ასევე უნდა გავარჩიოთ საერო ლიტერატურის ძეგლები. კერძოდ, მოსე ხონელის ,,ამირანდარეჯანიანი’’ , ჩახრუხაძის ,,თამარიანი’’ და ე.წ. თამარისა და დავითის ქება.
,,ამირანდარეჯანიანი’’ ქართულ საერო ლიტერატურაში საფუძველს უყრის საგმირო-სარაინდო რომანის განვითარებას. მასში აირეკლა საქართველოს რეალური ცხოვრება და მასში მცხოვრები მამაცი ვაჟკაციც. სწორედ ეს ორი თემა ერწყმის ერთმანეთს, რადგან საქართველომ არაერთ ბრძოლაში გაიმარჯვა, რითიც როგორც რეალობაში, ისე თხზულებებში ჩამოყალიბდა წარმოდგენები მეფის იდეალისა და რაინდის სახის შესახებ. ,,ამირანდარეჯანიანი’’ მოგვითხრობს რამდენიმე გმირის თავგადასავალს. ეს გმირები არიან: ამირან დარეჯანის ძე, ნოსარ ნისრელი, სეფედავლე დარისპანისძე და მზისა ჭაბუკი. ნაწარმოები საყურადღებოა რამდენიმე სხვადასხვა დეტალით, კერძოდ : ფეოდალური სახელმწიფოს ასახვა, გმირისა და მეფის სახის წარმოდგენა.
როგორია რაინდის იდეალი თხზულებაში? უპირველესი რაინდი ამირან დარეჯანის ძეა, რომლის შესახებაც თხრობის დასაწყისში ვიგებთ. „მე − ამირან დარეჯანისძე და ყმა ჩემი სავარსიმისძე, ბადრი იამანისძე და ყმა მისი ინდო ჭაბუკი, ნოსარ ნისრელი და ყმა მისი ალი დილამი. ოდეს ქაჯნი დავჴოცენით და ზღვათა მეფისა ასული გამოვიყვანეთ, ამას ადგილსა მოვედით და ყოველი არაბეთი ზედა მოგვიჴდა. მაშინ არავად ვიყვენით” [ქართული პროზა, ტომი 2. გვ.8] საყურადღებოა კიდევ რამდენიმე ეპიზოდი, სადაც კარგად ჩანს ამირანის თვისებები.
გავიხსენოთ გველის მოკვლის ეპიზოდი: ,,გამოვიდა მის კლდისა თავსა გველი საშინელი დაიწყო კაჭრობად. მერმე ამირან დარეჯანის ძემ ანამოიღო მშვილდი, გარდაუცვადა შესტყორცა ისარი ბოძალი და წარჰკვეთა თავი მას გველსა, რომელი ჯდა კლდისა თავსა, და გარდაწყდა გველისა მოდენა“. მოხმობილი ნაწყვეტით კარგად ჩანს, თუ როგორ მამაცი და გამბედავია ამირან დარეჯანის ძე. იგი შეუდრეკლად ებრძვის ქვეწარმავალს [ქართული პროზა, გვ. 43].
ახლა კი გავიხსენოთ დევებთან შებრძოლების ეპიზოდიც. ,,დააგდო დევი... იდვა დევი და ცოტაღა სული ედგა, აღარა ლამოდა სიკვდილსა დარეჯანისძე’’. [ქართული პროზა, ტომი 2. გვ. 45] ცხადია, ამ ქმედებით ხაზი ესმევა ამირანის ფიზიკურ სიძლიერესა და სიმამაცეს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლაში ვის გამოიწვევს, ან ვისთან მოუწევს დაპირისპირება, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, ქვეწარმავალი, თუ ისეთი მითოლოგიური არსება, როგორიცაა დევი.
რაინდისთვის მხოლოდ ფიზიკური სიძლიერე და სიმამაცე არაა დამახასიათებელი, მასვე ახასიათებს მეგობრის გვერდში დგომაც. ამის მაგალითია ნოსარ ნისრელის ტყვეობიდან გამოხსნა, რომლის დროსაც ამირან დარეჯანის ძე დევებს შეეწინააღმდეგება. ასევე შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ მზისა ჭაბუკის ამბავზე. როდესაც ამირან დარეჯანის ძე შეიტყობს მზისა ჭაბუკის ამბავს, გადაწყვეტს მის გამო შური იძიოს. ამიტომაც, მიდის ღაზნაში და მზისა ჭაბუკის მკვლელობის გამო სისხლს იღებს. ,,მივიდა ჩვენი ლაშქარი, დაერივნეს ერთმანერთსა. იგი დღე მწუხრამდის იბრძოლეს. დაიჴოცა“ [ქართული პროზა, ტომი 2. გვ. 221].
რაინდის სიმამაცე უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს ქალის მოტაცებასა და ცოლად შერთვას. ამირან დარეჯანის ძე თილისმათა ქვეყანაში ირთავს ცოლად ხვარეშანს. მზისა ჭაბუკი კი ხაზართა მეფის ასულს ირთავს ცოლად.
თხზულებაში მეტად საინტერესოა მეფის სახე, რომლის ნიმუშად ინდოთ მეფე, აბესალომი უნდა დავასახელოთ. როგორც ნაწარმოებიდან ვიცით, აბესალომი არ არის მკაცრი მეფე. პირიქით, განგებიანი და მორჭმული პიროვნებაა, რომელიც კვირაში სამი დღე ნადირობს, სამ დღეს საბოძვარს გასცემს, კვირა დღეს კი სამეფო საქმიანობას განაგებს. აბესალომი ხელგაშლილი პიროვნებაა, რასაც მოწმობს ის ფაქტი,რომ სამი დღე მოსახლეობას საბოძვარს ურიგებს. ,,ამას სამსა დღესა, უჴმის ათას-ათასი დიდებული დაგასცემდის საბოძვარსა საზომისაებრ“. [ქართული პროზა. „ამირანდარეჯანიანი“, „ვისრამიანი“, ტომი 2. გვ. 7]
აბესალომის საქმიანობისა და თვისებების აღწერით კარგად ჩანს მისი, როგორც მეფის სახე. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აბესალომი არ განეკუთვნება რთული ხასიათის მქონე მეფეებს. მისი ცხოვრება-საქმიანობაც სირთულეებით არ ხასიათდება. რეალურად, ნაწარმოებში წარმოდგენილი მეფეები გულუხვობით, სამართლიანობით ხასიათდებიან.
მეფისა და რაინდის სახეების ურთიერთმიმართება არსებითად საყურადღებოა, რადგან სწორედ ასე ყალიბდება პატრონყმური ურთიერთობა, რომელიც ანარეკლია საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობისა. ,,ამირანდარეჯანიანში’’ აღწერილი ურთიერთობა პატრონსა და ყმას შორის არ ხასიათდება იმ ჰარმონიული, მამაშვილური ელემენტებით, რომლებიც თავს იჩენენ შოთა რუსთველის ,,ვეფხისტყაოსანში’’.
რაც შეეხება სახელმწიფოს აღწერას, ესაა იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ-სოციალურ- საზოგადოებრივი მდგომაროების არეკვლა. მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში საქართველომ მნიშვნელოვნად გაიმარჯვა გარეშე დამპყრობლების წინააღმდეგ, რითიც დაიწყო ცენტრალიზებული სახელმწიფოს განმტკიცება [ლორთქიფანიძე 2015].
,,თამარიანი“ აქებს და მოგვითხრობს მეფე თამარის სილამაზეზე, სისპეტაკეზე, მორწმუნეობაზე და, რაც მთავარია, ღვაწლზე ქვეყნის წინაშე. ნაწარმოებში არსებითად მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, ესენია : პოლიტიკურ-იდეოლოგიური თემატიკა, მეფისა და მხედართმთავრის/რაინდის სახე.
ყურადღებას შევაჩერებ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ თემაზე. ,,თამარიანში’’ არეკლილია გაძლიერებული საქართველოს სამეფო, რომელიც შიდა თუ გარე მტრებს ებრძვის და ამარცხებს. აღმოსავლეთში საქართველოს სამეფო იმდენადაა დაწინაურებული, რომ მოიაზრება საზეპურო ერადაც. აქვე უნდა ვახსენოთ მესიანური იდეოლოგია,რომელიც ორიენტირებულია კაცობრიობის მხსნელზე. საზეპურო ერში კი მოიაზრება ღვთის რჩეული ერი. ,,ბანაკად საღმრთოდ, ერ საზეპუროდ ხარ ღმრთისმეტყველთა მათ ჭურვილთაგან.“ [აბდულმესიანი:52,1]საქართველოს შემთხვევაში საზეპურო ერად წოდებაში დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში ქრისტიანული სიწმინდეების ფლობამ.
ასევე, თხზულებაში მნიშვნელოვანია რაინდის/მხედართმთავრის სახე. მასში მეფე თამართან ერთად ვხვდებით მის მეორე მეუღლეს, დავით სოსლანს. დავით სოსლანს ისეთივე დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის გაძლიერებაში, როგორც თამარ მეფეს. გავიხსენოთ ციტატა სოსლანის შესახებ: ,,ოს დიდმან დავით ოს დიდ მან დავით ფარუხ შემუსრა წინა მგებარე“ [ჩახრუხაძე,1937:33,18] ბრძოლაში მომხდარის ამგვარი აღწერა ცხადყოფს ძლიერ მხედართმთავრობაზე, რაც , თავის მხრივ, ემთხვევა რაინდის სახესაც. ვინაიდან, დავით სოსლანი შეგვიძლია გამოვარჩიოთ ფიზიკური სიძლიერითა და ვაჟკაცობით, რაც რაინდის თვისებების იდენტურია.
ყველაზე მნიშვნელოვანია მეფის სახე. თამარ მეფის სახე სხვანასხვანაირადაა წარმოდგენილი. პირველია ფიზიკური და სულიერი სისპეტაკე. ,, თამარწყნარი, შესაწყნარი, ჴმა-ნარნარი, პირ-მცინარი’’ [ჩახრუხაძე,1937: 24,1] საყურადღებოა თამარ მეფის მორწმუნეობაც. ვინაიდან, მეფე მტკიცედ იცავდა სარწმუნოებას. ამის გამო, იგი შეადრებულია ბიბლიურ პერსონაჟთან - დებორასთან. დებორა ებრაელთა ბრძოლას მიუძღვის წინ, ხოლო თამარი ღვთის სახელით მიუძღოდა ქართველ ერს. ,,დიდსა მსაჯულსა ამტკიცებს სჯულსა, ღმერთმან მით მოგვცა მისი საქნარი.’’ [ჩახრუხაძე,1937: 22,12]
როდესაც მეფეს ვახსენებთ შეუძლებელია არ ვახსენოთ ღვაწლი, რომელიც თამარ მეფეს მიუძღვის საქართველოს სამეფოს გაძლიერებაში. საყურადღებოა სამხედრო წარმატებაც: ,, მოჰმადის ტომნი უკრავ-უომნი მოსრნეს, მოსწყვიდნეს განქიქებულად. აღივსნეს ტყვითა, ლარ-პირუტყვითა, არ დარჩა კაცი არ შოებულად.’’ [ჩახრუხაძე,1937:17,56/18,57] თამარ მეფის სამხედრო სიძლიერე უკავშირდება დავით სოსლანს, ვინაიდან მათი ერთიანობით ქვეყანამ ჩამოიშორა არაერთი მტერი.
ასევეა განსახილევლი ე.წ. თამარისა და დავითის ქება, რომელშიც ნაწარმოებში აღწერილია XII ს-ის დამლევის და XIII საუკუნის დამდეგის საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარება, თამარისა და დავით სოსლანის სახე-ხატი.
ეპოქის ხაზგასასმელად ნახსენებია თამარის მეფობისას მომხდარი მნიშვნელოვანი ბრძოლები, მათ შორის ბასიანის ბრძოლა. ყურადღება გამახვილებულია რუქნ ად-დინის მარცხზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლისა და მტრის სახელი არ არის ნახსენები. იმის თქმა, რომ აღწერილი ბრძოლა ბასიანს ეხება, შეგვიძლია შინაარსობირივი დაკვირვების საფუძველზე. ,,მტერთა მახვილნი იქმნეს, ვით ცვილნი, მახით ამითვე, რომელ დაარწყვეს ‘’ [აბდულმესიანი:30,1].
ბრძოლებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ დავით სოსლანი, ვინაიდან თხზულებაში შექებულია სოსლანის მხედართმთავრული ნიჭი და უძლეველობა : ,,ვადიდებ ხელსა ბრძენსა, არ ხელსა, რომ სცა მათ ნიშნად ბოლოდ საცოდნი’’. სწორედ ამ თვისებების დახმარებით ახერხებს დავით სოსლანი მტრის დამარცხებას. ცხადია , ასეთი უძლეველობა მიგვანიშნებს რაინდის/ ფალავნის თვისებაზე.
საერო ლიტერატურის ნიმუშების განხილვით ვხედავთ, თუ რა თემატიკას ეხმიანება ამ ტიპის ლიტერატურა და რა მახასიათებლები გააჩნია. ესენია , როგორც უკვე ვახსენეთ, ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ასახვა, მეფის სახის წარმოდგენა, რაინდის/ფალავნის ხატ-სახის ჩვენება. სწორედ ამ მახასიათებლებით განსხვავდება საერო ლიტერატურა სასულიეროსგან. საეროში წინა პლანზე წამოიწევს ადამიანი თავისი მიწიერი, ამქვეყნიური განცდებითა და გრძნობებით, რაც ჰუმანიზმის ცალსახა გავლენაა.
თუ ერთმანეთს შევუდარებთ ზემოთ განხილულ ისტორიულ თხზულებებს [,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი’’ , ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი’’, და ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი’’] და საერო ლიტერატურის ნიმუშებს, დავინახავთ მსგავსება-განსხვავებებს. მაგალითად, ,,ამირანდარეჯანიანისა’’ და ,,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისას შედარებისას, ორივე ტიპის თხზულებაში შევნიშნავთ მეფის სახის, ფეოდალური სახელმწიფოს, რაინდის სახის მსგავსებებს, როგორიცაა ძლიერ, მამაც და სამაგალითო ვაჟკაცის თვისებების ასახვა. რაც შეეხება სახოტბო პოეზიის ნიმუშებსა და თამარის ისტორიათა შედარებას, მათშიც შეინიშნება შემდეგი საერთო ნიშნები: თამარ მეფის სისპეტაკე და ქვეყნის ხელმძღვანელობა. საქართველოს ყოფა XII ს-ის ბოლოსა და XIII ს-ის დასაწყისში. რაინდის სახედ კი შეგვიძლია მოვიაზროთ მხედართმთავრის, დავით სოსლანის საბრძოლო ნიჭი.
როგორც შედარების საფუძველზე დავინახეთ, საერო ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჯერ ისტორიულ თხზულებებში გამოვლინდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქართულ ისტორიულ თხზულებებს მხოლოდ ეპოქის, მეფის ან მოვლენის აღწერა კი არ ეკისრებოდა, ლიტერატურული ღირებულებებიც ჰქონდათ. მათში ისახება პირველად ის საერო სიუჟეტური ელემენტები, რომლებიც შემდგომ საერო ლიტერატურისთვის ფუნდამენტური მასალა ხდება და მასზე იგება მთლიანი ნაწარმოები.
გამოყენებული ლიტერატურა :
1. ლორთქიფანიძე მარიამ. საქართველოს ისტორია, ტომი II, გამომცემლობა ,,პალიტრა L’’, თბილისი, 2015.
2. ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი II, 1966.
3. ქართული პროზა : ტომი 2: ამირანდარეჯანიანი ; ვისრამიანი / შემდგენელნი: გ. გვერდწითელი, ნ. ებრალიძე, რ. თვარაძე ; რედაქტორი: გრ. აბაშიძე. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’, თბილისი, 1982.
4. ჩახრუხაძე; რედაქტორი: ს. კაკაბაძე. გამომცემლობა ,,ფედერაცია’’, თბილისი, 1937.
5. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი,ქართლის ცხოვრება,ტექსტი დადგენილი ს.ყაუჩხიშვილის მიერ,თბილისი,1955.
6. შავთელი, იოვანე. აბდულმესიანი.
http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/ioane_shavteli/abdulmesiani.pdf